ინტერვიუ გიო სუმბაძესთან

მულტიმედია არტისტი გიო სუმბაძე დაიბადა თბილისში 1976 წელს.

  • 1994-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტზე.
  • აკეთებს პროექტებს გრაფიკულ დიზაინში, ფოტო დოკუმენტაციას, მუშაობს არქიტექტურულ გეგმარებაზე, გრაფიკაზე, აქვს ვიდეო ნამუშევრები, ინსტალაციები.
  • მუშაობდა და იფინებოდა რამდენიმე არტისტულ ჯგუფთან ერთად: 4Stück , Goslab, კოკა რამიშვილი, მამუკა ჯაფარიძე…
  • 2013 წელს იყო ვენეციის 55 ბიენალეზე საქართველოს პავილიონის მთავარი ნაგებობის „კამიკაძე ლოჯიის“ ავტორი.

Gio Sumbadze_05

მარიამ ლორია –  ბევრ მედიაში მუშაობ და სხვადასხვა სახის პროექტებში ხარ ჩართული. რითი დაიწყე?

გიო სუმბაძე – აკადემიაში სწავლის დროს დავიწყე გრაფიკულ დიზაინზე მუშაობა, მოგვიანებით გადავედი გეგმარებაზე და ფოტოგრაფიაზე, არქიტექტურის დოკუმენტაციაზე. ჩემი ნამუშევრების კონტექსტი მაინც არის არქიტექტურასთან ახლოს. ჩვენთან ცოტა რთულია, რომ თქვა, რომ ხარ არტისტი და ეს მოიცავდეს პარალელურად ფოტოგრაფიასაც, არქიტექტურულ გეგმარებასაც და გრაფიკულ დიზაინსაც, ანუ მულტიმედია არტისტი რასაც ქვია.

მ.ლ. – რომელი გამოფენები იყო შენთვის მნიშვნელოვანი?

გ.ს. – პირველი გამოფენა, რომელშიც ვმონაწილეობდი გავაკეთეთ ჯგუფმა 4Stück (ნიკა მაჩაიძე, მაია სუმბაძე, სალომე მაჩაიძე, გიო სუმბაძე) ესე ერქვა: „ლეგალური გამოფენა“, მე ფოტოგრაფია მქონდა და გრაფიკული დიზაინი ერთად, დანარჩენებს ქონდათ პოეზია და ფერწერა. მერე გოსლაბი იყო და მერე დავიწყე ჯგუფთან ერთად მუშაობა, სადაც მე ყველაზე უმცროსი ვიყავი. ამ ჯგუფში იყვნენ კოკა რამიშვილი და ჯაფარა (მამუკა ჯაფარიძე). რაღაც დონეზე შეიძლება ითქვას რომ ეს ადამიანები ჩემი მასწავლებლებიც იყვნენ. თან არც ითქმის ეგრე, იმიტომ რომ უბრალოდ ერთად ვმუშაობდით, ერთად ვაკეთებდით პროექტებს, მაგრამ ძალიან ბევრი ვისწავლე იმ დროს. თბილისში გავაკეთე კოკა რამიშვილთან ერთად გამოფენა Mission Is Possible 1999-ში. ამ დროს სხვანაირად აღვიქვი სივრცესთან ურთიერთობა. დაემთხვა ისე რომ კოკაც და მეც სივრცეს აღვიქვამდით როგორც მედიუმს, სამუშაო მასალას. – ანუ ეს დამოკიდებულება არ გამორიცხავს იმას, რომ შენ ცარიელი ოთახი შეგიძლია აქციო ნამუშევრად ყველანაირი ჩარევის გარეშე, თუნდაც სიჩუმით, როგორც ქეიჯის ნაწარმოებია[1].

დღემდე შეხება მაქვს სხვადასხვა არტისტებთან, ჩემზე უფროს მხატვრებთანაც. რამდენიმე თვის წინ ვატო წერეთელთან და ჯაფარასთან ერთად ვიყავი გერმანიაში, დიუსელფორფში, გამოფენაში სხვებიც მონაწილეობდნენ მაგრამ წასულები ჩვენ ვიყავით. მიხარია ესეთ არტისტებთან ერთად ექსპოზიციებში მეც რომ ვმონაწილეობ; თან ის მომწონს, ესეთ პროექტებში,  რომ პრინციპში აქაური, ქართული სცენა  არის [წარმოდგენილი], საიდანაც შემიძლია რაღაც  ცოდნა მივიღო.

yyy

მ.ლ. – შენი პროექტი „კამიკაძე ლოჯია“ ვენეციის ბიენალეზე როგორ მოხვდა?

გ.ს. – „კამიკაძე ლოჯიის“  პროექტის იდეა წინა პროექტებიდან გამომდინარე გაჩნდა. ამ პროექტის კურატორი იყო იოანა ვარშა,  სხვა პროექტებზეც გვიმუშავია ერთად და მან იცოდა ჩემი აზრების მიმართულება. წინა პროექტებიდან გამომდინარე დამიკავშირდა და ერთად დავიწყეთ ფიქრი სად შეიძლება და როგორ შეიძლება ამის გაკეთება. მერე მივედით ძალიან კარგ რამემდე. შემთხვევით აღმოჩნდა შესაძლებელი, რომ  ვენეციის ბიენალეზე წართული პავლიონისთვის სპეციალურად აგვეშენებინა ლოჯია.  ეს პროექტიც არქიტექტურასთან და გარდამავალ სივრცეებთან იყო დაკავშირებული.

k

მ.ლ. –  ახლა რა პროექტი გაქვს?

გ.ს. –  ვფიქრობ ერთ პროექტზე, რომელიც შემოდგომაზე ბრატისლავაში, თანამედროვე ხელოვენბის ცენტრში უნდა გაკეთდეს იქაურ კურატორთან ერთად. ჯერ ზუსტად არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ ჩემი პროექტები ერთმანეთთან კავშირში იყოს, ერთმანეთისგან გამომდინარეობდეს.

მ.ლ. –  ძირითადად უცხოელ კურატორებთან თანამშრომლობ: დანიელ ბაუმანი, იონა ვარშა და სხვებიც… ქართველ კურატორებთან არ მუშაობ?

გ.ს. –  ნანა ყიფიანი რა მიმართულებითაც მუშაობს მაინტერესებს და ვთანამშრომლობ როცა შესაძლებლობა მაქვს. ასევე ვმუშაობ ვატო წერეთელთან. ბოლოს ვატოს ორგანიზებულ RE:museum გამოფენაში მივიღე მონაწილეობა თბილისში. საინტერესო პროექტი იყო.

მ.ლ. –  ბოლო პერიოდში უფრო  ხშირად რომელ მედიუმს იყენებ და როგორ ირჩევ ნამუშევრისთვის რომელი მედიუმი ჯობს?

RE:museum-გამოფენაზე, მაგალითად, ინსტალაცია წარმოავდგინე და გრაფიკა. „გაყინული მომენტები – არქიტექტურა გვპასუხობს“ (2010, თბილისი) –  სუფთა ფოტოგრაფია მქონდა გამოფენილი. დოკუმენტაცია იყო დევნილების საცხოვრებლების და მერე ეს იყო განლაგებული  გარდამავალ სივრცეში – ყოფილი ტრანსპორტის სამინისტროს შენობაში. ტექნიკურად სუფთა ფოტოგრაფია იყო ეს ნამუშევარი, მაგრამ კონცეპტუალურიც იყო. საერთოდ, ცალ-ცალკე არ ვმუშაობ. ვცდილობ, ის მედიები, რომლებშიც ვმუშაობ, კონტექსტს დავუქვემდებარო და სადაც რომელი დამჭირდება იქ გამოვიყენო.

ჩემი ნამუშევრების კონტექსტს აზროვნების სხვა შრე აყალიბებს, რომელიც ეყრდნობა ეკო სისტემას: ჟანგბადს, სუფთა წყალს, გარემოს არ დაბინძურებას და შესაბამის პროცესებს არქიტექტურაში და გეგმარებაში. სამომავლო პროექტებშიც მნიშვნელოვანია იგივე გეგმარება, საგნების განლაგება, ამას მივყვები რაღცნაირად… იგივე კონტექსტს მივყვები ურთიერთობებში … პრინციპში, ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ჩემი ნამუშევრების კონტექსტი ის არის, ხელოვნებას რამდენად შეიძლება რეალურ პროცესებთან  ჰქონდეს შეხება.

Project ArtBeat-ის ვებისთვის რაც შევარჩიეთ, არის უფრო მუშაობის პროცესი, უფრო სახელოსნოს და ყოველდღიური ფიქრის ველი, რაშიც ცოტა პოეზიაც მეხმარება, –  ვერბალური თამაში და ესეთი რაღაცეები.  როცა რაღაც პროექტზე ვმუშაობ და, ვთქვათ, არის ტექნიკური დოკუმენტაცია საჭირო, მაგალითად ქალაქის ურბანული მდგომარეობის, ამ დროს თითოეულ აღებულ ფოტოს მხატვრული ღირებულებაც აქვს ცალკე. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კონტექსტი განსხვავებულად ჩანს ხოლმე.

გიო სუმბაძის ნამუშევრები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ლინკზე www.projectartbeat.com

                                                                                                                                      მარიამ ლორია                                                                                                                                                   თბილისი,14.01.2015

[1] იგულისხმება ჯონ ქეიჯის 4.33 (მ.ლ.)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *