შეხვედრა მაია სუმბაძესთან

1

 

Project ArtBeat წარმოგიდგენთ ქართველ არტისტს მაია სუმბაძეს, რომლის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე www.projectartbeat.com

მაია სუმბაძე, ქართველი ხელოვანი, დაიბადა1972 წელს,  თბილისში.  ამჯერადაც თბილისში ცხოვრობს და უამრავ სხვადასხვა სახის პროექტზე მუშაობს. 16 – 17 წლიდან უკვე აქტიური ხელოვანია.

 

სკოლის შემდეგ მაია სწავლობდა ჯერ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1990-იან წლებში 1 წელიწადი ცხოვრობდა ჰოლანდიაში და რიტველდის აკადემიაშიც სწავლობდა; იყო GosLab-ის ქართველი  ხელოვანების არაფორმალური გაერთიანების წევრი 1990-2000-იან წლებში.

_DSC6232       _DSC6161

 

მარიამ ლორია – სულ თავიდან რომ დავიწყოთ საუბარი, როგორ დაიწყე ხატვა, როდის?

მაია სუმბაძე – ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. მეც ჩვეულებრივად ვხატავდი როგორც სხვა ბავშვები. ფურცლების მიმართ ინტერესი გვიან გავაცნობიერე. ეგეთი რამე დამემართა: ეტყობა მთელი ბავშვობა რომ ვუყურებდი – პაპაჩემი იყო არქიტექტორი, მამაჩემიც არქიტექტორი და დიზაინერია. სულ მაგ სამყაროში ვიყავი და მიყვარდა. ვუყურებდი როგორ ხაზავდნენ, ხატავდნენ.. ბოლოს მაგ სამყაროში აღმოვჩნდი მეც.

მ.ლ. – უკვე სერიოზულად მხატვარი როდის გახდი?

მ.ს. –  სერიოზულად უკვე სკოლიდან ნიკოლაძეში როცა გადავედი მაშინ დავიწყე მუშაობა. ნიკოლაძეშიც  ვმუშაობდი და მერე აკადემიაშიც, მაგრამ პრინციპში უფრო მეტს ვაკეთებდი ჩემთვის, სახლში და კერძო სახელოსნოებში.  ნიკოლაძე დავამთავრე და მერე აკადემიაში ვსწავლობდი. მაგრამ აკადემიაში საინტერესო  არაფერი  ხდებოდა 1990-იან წლებში.

მ.ლ. – რიტველდის აკადემიაში როგორ მოხვდი?

მ.ს.-  ვიყავი ამსტერდამში და ძალიან მომეწონა. ალბათ 19 წლის ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს. და ვიფიქრე, რომ აქ უნდა მესწავლა. მერე გავაგზავნე რიტველდში ნამუშევრები, პორთფოლიო და მიმიღეს. ერთი წელი ვისწავლე და ძალიან ბევრი  მომცა. განსხვავებული იყო აქაური სწავლებისგან. რადიკალურად შევიცვალეთქო ვერ ვიტყვი. უბრალოდ ერთ-ერთი გაჩერება იყო დიდ გზაზე. 1 წელი რომ გავიარე მერე აღარ გავაგრძელე. ამ დროს 20 თუ 21 წლის ვიყავი. თბილისში რომ ჩამოვედი, წესით უნდა გამეგრძელებინა აკადემიაში სწავლა, სადაც ისევ  არაფერი  ხდებოდა.

მ.ლ. – ადრეული ნამუშევრები როგორია?

მ.ს. –  გრაფიკა,  ფოტო, ფერწერა…  რა ვიცი. უკვე გავიდა ის პერიოდი ჩემი ცხოვრებიდან.  ძალიან ცოტას ვიტოვებ ხოლმე საჩვენებლად იმ პერიოდიდან, რომელიც უკვე გასულია.

მ.ლ. –  გოსლაბის  ერთ-ერთი წევრი რადგან იყავი მინდა რომ მაგაზეც გკითხო. ვინ და ვინ იყავით, როგორ ხდებოდა თანამშრომლობა? რას აკეთებდით ერთად?

მ.ს.  – თანამშრომლობას ვერ დავარქმევ. ვიყავით ძალიან ახლო მეგობრები, არაფერი სერიოზული არ გვქონდა ჩაფიქრებული, თამაშივით იყო. “გოსლაბში” ვიყავით გიო (ჩემი ძმა), ნიკა მაჩაიძე, ჩუბიკა, ტუსია ბერიძე, სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, ზაზა რუსაძე და მე. ყველა თავისას აკეთებდა. ერთად ვაკეთებდით  გამოფენებს, აუდიო და ვიდეო ნამუშევრებს, შოუებს.  ჩვენ გაკეთებულ ნამუშევრებს (ინდივიდუალურსაც და ერთად გაკეთებულსაც) ედებოდა ეს სახელი – გოსლაბ.    ოფიციალური სახე არ ჰქონდა. ძალიან ახლო მეგობრები და ნათესავები ვიყავით და ბევრი რაღაცა გვქონდა საერთო ხელოვნების გარდა. სულ ერთად ვიყავთ. ყველაფერი ხდებოდა მსუბუქად, ძალიან არაფორმალური იყო… განსაკუთრებული დატვირთვის გარეშე…. დიდი ხანი არსებობდა გოსლაბი და ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა.

მ.ლ. – დღეს რა ნამუშევრებსაც აკეთებ, პრინტებს და გრაფიკულ ნამუშევრებს, ესეთი ტიპის რაღაცეების კეთებაზე როდის გადახვედი ?

მ.ს. – ნელ-ნელა. ესე, ზუსტად არ ვიცი, დიდი ხანია ვაკეთებ კომპიუტერულ გრაფიკას. ალბათ 7-8 წლის წინ მაქსიმემ (ავტორის შენიშვნა: მაქსიმე არის მაიას შვილი) მიყიდა digitaiser-ი.  ძალიან მომეწონა. ვხატავ  ციფრულად.  პროცესი საინტერესოა და ბევრი ექსპერიმენტის საშუალებას იძლევა.  მერე ვბეჭდავ სახლში სხვადასხვა ქაღალდზე და ხელით ვამუშავებ ან ვბეჭდავ პირდაპირ ფერად ციფრულ ვარიანტებს.

მ.ლ. – შენი გამოფენებიდან რომელი იყო შენთვის მნიშვნელოვანი და კარგი გამოცდილება?

მ.ს.  – ყველაზე მეტად რაც მომწონდა, იყო ვატო წერეთელთან თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA). On the Way ერქვა. იქ ავაწყვე ინსტალაცია და  მომეწონა როგორც პროცესი, ასევე შედეგი. შარშან გავაკეთე იგივე სივრცეში, ალბათ ისევ ამ გამოფენის გაგრძელება მინდოდა. რაღაცა ნაბიჯი იყო და საინტერესო ეტაპი ჩემთვის.

მ.ლ. – კიდევ თუ გაქვს პროექტები, იდეები, რაზეც გიმუშავია და რასაც თვლი რომ მნიშვნელოვანია?

მ.ს.  – იმის გარდა რასაც ვფენ და ვყიდი, როგროც ჩემს საავტორო ნამუშევრებს, ასევე ვაკეთებ წიგნის, ჟურნალის, პლაკატის, ბარათების დიზაინს, ილუსტრაციებს. ეს სფეროც მიყვარს და მაინტერესებს.

მ.ლ. –  სიტყვები, ფრაზები და წარწერები ფიგურირებს ბოლოდროინდელ ნამუშევრებში…

მ.ს.  – კი, ეხლა მაგაზეც ვმუშაობ. ბოლო დროს მომწონს როცა ნამუშევარში ტექსტიც არის ჩართული. თან ისიც საინტერესოა, როგორ შეესაბამება ის რაც წერია ობიექტის დანარჩენ ნაწილს.

მ.ლ. – როდის თვლი რომ ნამუშევარი გამოვიდა? როგორც ჩანს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებ ესთეტიურ მხარესაც.

მ.ს. – ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარეს, მაგას ნამდვილად ვერ გავექცევი, პირიქით, ეგ მაინტერესებს და უფრო მეტად პოზიტიური ემოციებისკენ ვარ,  მინდა რომ ესთეტური იყოს ნამუშევარი, რაც მე მომეწონება ისეთი უნდა იყოს. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ნამუშევარი ფუნქციური იყოს. ყველა შემთხვევაში ნამუშევარს თავისი დატვირთვა აქვს და მარტო ესთეტიური არ არის.

მ.ლ.  – განწყობების ნამუშევრები გაქვს ხოლმე? აი მაგალითად დღეს ესეთ ხასიათზე ხარ და ესეთი გამოგივიდა, ხვალ სხვანაირი…

მ.ს. – პრინციპში, იმპულსური ნამუშევრები არ მაქვს. უფრო მაქვს დიდი ხნის მდგომარეობის გამომხატველი ნამუშევრები, რაც მუშაობის შედეგად კეთდება. ესე იმპულსურად და უცბად აღარ ვმუშაობ.

მ.ლ. – ეს ნამუშევრები, სინთეტური მასალებით რომლებზეც მუშაობ, როგორ კეთდება? როდის დაიწყე? ამის ისტორიაც მაინტერესებს.

მ.ს.  – ბოლო წლებია ესეთი ტიპის ნამუშევრებს დროდადრო სულ ვაკეთებ. ვიყენებ სხვადასხვა ტიპის ქაღალდებს, – ძველს, ახალს. ერთი ასეთი ნამუშევარი თქვენს საიტზეც დევს.  ამ ნამუშევარში ჩადებულია ერთი ნახატი სერიიდან „მფრინავი ობიექტები და მონუმენტები“.

ასევე რამდენიმე ნამუშევარში გამოყენებული მაქვს პაპაჩემის შექმნილი ორნამენტები. პაპა არქიტექტორი იყო და ბევრი საინტერესო მასალა დატოვა.

ძალიან ბევრი რამის გაკეთება მინდა და დრო ძალიან მალე გადის. ვერ ვასწრებ. თან შეკვეთებიც რომ მაქვს ბევრი დრო მეფანტება…

მ.ლ.  – ახლო მომავალში გაქვს დაგეგმილი გამოფენა ან რამე პროექტი?

მ.ს.  – გამოფენა მინდა რომ გავაკეთო და დრო რაც მრჩება მაგაზე ვმუშაობ და ვფიქრობ. რამდენიმე სახის ნახატები და ობიექტები მექნება გამოფენილი. ჯერ ზუსტად არ ვიცი როდის იქნება.

_DSC6241 _DSC6175-2

 

_DSC6247  _DSC6222

მარიამ ლორია

სანდრო სულაბერიძის ფოტოები

ნოემბერი 2014

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *