ინტერვიუ ტატო ახალკაციშვილთან

PSILOCYBIN MUSHROOMS 13 40x40 cm. oil, canvas  $ 1,600     PSILOCYBIN MUSHROOMS 10 40x40 cm. oil, canvas  $ 1,600

ტატო ახალკაციშვილი დაიბადა თბილისში 1979 წელს. 1996-2003 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ლევან მინდიაშვილთან, ირაკლი ბუგიანიშვილთან და მალხაზ დათაშვილთან ერთად ტატო იყო ჯგუფში “Figurative Art Studio”, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია გერმანიაში.

არტისტი 2000-იანი წლებიდან ძირითადად უცხოეთში იფინება, თანამშრომლობს ასევე თბილისის გალერეებთან.

Project ArtBeat წარმოგიდგენთ ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრებს და არტისტთან ინტერვიუს.

მარიამ ლორია –  როგორ დაიწყე მხატვრობა?

ტატო ახალკაციშვილი – ბავშვობიდან ვხატავდი და სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. 1996 წელს აკადემიაში ჩავაბარე არქიტექტურულზე, მეგონა რომ აკადემია ყველაზე მაგარი რაღაც იქნებოდა. 3 წელი ვისწავლე არქიტექტურულზე და მივხვდი რომ ჩემთვის არ იყო ეს მიმართულება. ფერწერას მომწყვიტა, ბევრი დრო ჭირდებოდა ნახაზებს. პარალელურად ვმუშაობდი ფერწერაში. არ მიყვარს დილეტანტურად როცა უდგება ადამიანი ცხოვრებას, ამიტომაც ფერწერაზე გადასვლა გადავწყვიტე.

ფერწერაზე სწავლის პერიოდი საერთოდ არ იყო ჩემთვის საინტერესო .პედაგოგებს არ ჩამოვთვლი, არაფერი  უსწავლებიათ. მომიწია აბსოლუტურად მარტო მუშაობა ჩემ თავთან და ჩემს ახლო მეგობრებთან. ეს იყო ლევან მინდიაშვილი, ვისთანაც სამხატვრო სკოლიდან ვმეგობრობდი, ასევე ჩვენთან ერთად სწავლობდნენ აკადემიაში ირაკლი ბუგიანიშვილი და მალხაზ დათაშვილი. ჩვენი მთავარი ორიენტირი იყო ევროპული მხატვრობა. ამ დროს ჯერ ინფორმაცია არ იყო შემოსული და ამიტომაც ძალიან რთული იყო ევროპული თანამედროვე ფერწერის გაცნობა. პირველად 2003 წელს წავედით გერმანიაში როგორც კი დიპლომი ავიღეთ აკადემიაში.

მ.ლ. – პირველი გამოფენა როგორ გააკეთეთ გერმანიაში?

ტ.ა. – აკადემიას რომ ვამთავრებდით ირაკლი ბუგიანიშვილი უკვე გერმანიაში იყო და კონტაქტებიც ჰქონდა იქაურ გალერეებთან. ერთ-ერთი გალერეა იყო CultiG7მანჰაიმში. ირაკლიმ აჩვენა ჩემი, ლევანის და მალხაზის ნამუშევრები  გალერისტებს. მახსოვს როგორ დავბეჭდეთ ფოტოები, მაკრატლით ამოვჭერით, ჩავდეთ საქაღალდეში და ირაკლის გავატანეთ. გალერისტებს მოეწონათ ნამუშევრები. ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდნენ თბილისში და დაგვპატიჟეს გამოფენაზე გერმანიაში.

ეს იყო დიდი გამოფენა, რომლისთვისაც ერთი წელი  ვემზადებოდით. სამი თვით ვიყავით წასული. ეს საოცრება იყო  ჩვენთვის.   ამ ადამიანებმა უბრალოდ ჩათვალეს, რომ ახალგაზრდა ხელოვანებს ესეთი გაუბედურებული ქვეყნიდან, როგორიც არის საქართველო, სჭირდებოდათ ხელშეწყობა. ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავით, დავდიოდით გალერეებში, მუზეუმებში.

მ.ლ. – პირველი გამოფენის მერე როგორ გაგრძელდა თქვენი თანამშრომლობა?

ტ.ა. – ამის შემდეგ ყოველ წელიწადს ვაკეთებდით გამოფენებს. არტფეარებზე წარგვადგენდნენ. ოსნაბრუკის არტ ფესტივალზე ავიღეთ პირველი ადგილი და კატალოგშიც შევედით.  იქ გალერეა CultiG7-მა წარგვადგინა და გალერისტებიც არ ელოდნენ, რომ გავიმარჯვებდით. ამ წარმატების შემდეგ  ოდენვალდის საერთაშორისო არტფეარმა მიგვიწვია და იქაც პირველი ადგილი ავიღეთ.

მ.ლ.„მემკვიდრეობის“  პროექტში როგორ ჩაერთე?

ტ.ა. – 2013 წელს გაკეთდა პროექტის პირველი გამოფენა ეროვნულ მუზეუმში. 2015 წელს იქნება პროექტის მეორე გამოფენა ლონდონში[1].

პროექტის ავტორი ლევან მინდიაშვილია. გენეტიკური მეხსიერება ძალიან მაინტერესებს. ბავშვობის სერიაც მაგიტომ დავიწყე. ამ სურათებში არის ჩემი ბავშვობა, ჩემი წარსული, ჩემი მეხსიერება და არა ზოგადი საკითხები. როდესაც ამ პროექტის იდეის შესახებ მითხრა ლევანმა მაშინვე დავსვი შეკითხვა: მენტალურად რისი მემკვიდრე შეიძლება ვიყო? ბუნებრივია, აღმოჩნდა, რომ უამრავი კომპლექსი, უამრავი დამოკიდებულება, რომელიც მე არ მომწონს ჩემს თავში, მემკვიდრეობიდან  იყო დალექილი. საბჭოთა მემკვიდრეობის მიმართ სტერილური არ ვიყავი. ამ ყველაფერს  ვერასდროს ვიტანდი, მაგრამ რა იყო ესეთი აუტანელი ვერ ვიგებდი.   ყველა ლანძღავდა  იმ დროს და ცდილობდა დაევიწყებინა. მეც ასე ვიყავი და ეს პრობლემებიც ქვეცნობიერში გადავიდა, მაგრამ როგორც კი დავფიქრდი მენტალურად ვინ ვარ, – მიხვდი, რომ ჩემი ბიოგრაფია საბჭოთა კავშირს და საბჭოთა მენტალიტეტს საკმაოდ ძლიერად უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა.

ბოლო რამდენიმე წელია ამაზე ვფიქრობ და ამას ვიკვლევ. ვცდილობ სხვადასხვა მეტაფორებით, სხვადასხვა მედიუმის საშუალებით გავერკვე ამ საკითხებში. მინდა დროზე მოვიშორო თავიდან ეს გამოწვევები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საერთოდ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სერია Conversation, რომელზეც ახლა ვმუშაობ, ამით არის ინსპირირებული. ისევ უკან ვიყურები, რომ ეს ყველაფერი გავაანალიზო. მერე უფრო უკეთესად გავიხედავ წინ.

CONVERSATION 02 80x80 cm. oil, canvas $ 3,500 CONVERSATION 08 70x50 cm. oil, canvas $ 2,500

მ.ლ.– ბევრი არტისტი პირიქით იგნორირებას უკეთებს ნეგატიურ ინფორმაციას და უფრო მეტად პოზიტიურისკენ არის, ანუ  იმისკენ რისი დანაკლისიც აქვს…

ტ.ა. – ეგ სხვა სტრატეგიაა. მეც ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა პოზიტივისკენ წამეყვანა ჩემი ნამუშევრები. ერთი პერიოდი მინდოდა რომ ეგრეც ყოფილიყო,  მაგრამ ვიგრძენი, რომ სხვა რამე მჭირდებოდა. მე ვცდილობ,  რომ პრობლემის წინაშე  პირისპირ დავდგე.

მ.ლ. – კიდევ საიდან იღებ იმპულსებს ნამუშევრებისთვის?

ტ.ა. – ვუსმენ ფენესცის და რიუჩისაკამოტოსმიქსს. მიყვარს გია ყანჩელი. მუსიკისგან ხშირად ვიღებ ინსპირაციას.  მაგრამ ძირითადად ჩემი თავიდან ვიღებ იმპულსებს. შეიძლება ცოტა სულელურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა. სხვადასხვა სულიერი მდგომარეობის მეტაფორებით გამოხატვაზე ვმუშაობ. ისეთი მდგომარეობის ასახვაც მაინტერესებს, როდესაც ადამიანს ქვეცნობიერი კარნახობს რაღაცას, ისეთს, რაც ჯერ ცნობიერში არ აქვს გადმოყვანილი.  მაინტერესებს ბავშვoბის მოგონებები და ის მომენტი, როცა ბავშვი ასრულებს ბავშვობას, აცნობიერებს რომ სამყარო სხვანაირი ყოფილა და ამ დაბნეულობის წინაშე ბუნდოვანი მომავალი აქვს.  ის ბოლომდე ვერ აცნობიერებს რა არის სამყარო და არ იცის როგორია მომავალი.

მ.ლ. – შენი ნამუშევრების, სერიების სათაურები დიდ მნიშვნელობას ატარებს არა?

ტ.ა. – სათაურებმა შეიძინა დიდი მნიშვნელობა ბოლო პერიოდში. ადრე იმიტომ ვარქმევდი სათაურს, რომ ერთმანეთისგან გამომერჩია სურათები. ახლა ნამუშევრის აღქმისას მთავარი მინიშნება არის სათაური, რომელიც ზოგჯერ რაღაცის პერიფრაზია.

მ.ლ.– ყველაზე მეტი ვისგან ისწავლე, რომელი მხატვრები არიან შენთან ახლოს?

ტ.ა. – არ ვიცი, ალბათ უფრო რიხტერი, დოიგი, ბორემანსი. განსაკუთრებულად საყავრელი რამდენიმე მხატვარი მყავს მაგრამ ისე ბევრისგან ვსწავლობ. მაგალითად, მარლენ დუმასის ბევრი რამე მომწონს და ბევრს მაძლევს, მაგრამ ბევრი რამე არ მომწონს. ზოგი მხატვარი გაძლევს არა კონკრეტულად რამე ნიშნებს – რა როგორ გააკეთო, არამედ გაჩვენებს აზროვნება საით შეიძლება წაიყვანო.

PSILOCYBIN MUSHROOMS 06 30x23 cm. watercolor, transfer, collage on paper  $ 1,100    PSILOCYBIN MUSHROOMS 07 30x23 cm. watercolor, transfer, collage on paper  $ 1,100

ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე www.projectartbeat.com.

 

[1]HERITAGE, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, გამოფენა გაიხსნა 2015 წლის 7 იანვარს, პროექტის ორგანიზატორია cARTveli, მხარდამჭერები არიან Rich Mix და Dash Art (მ.ლ.)

27.12.2014

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *