Tag Archives: დავით მესხი

Project ArtBeat სტამბულის ხელოვნების ბაზრობაზე Contemporary Istanbul 2015

i 12285702_10156361793855595_1063935245_n

მარიამ ლორია – გალერეა 2015 წელს უკვე მონაწილეობდა სტამბულში Art International ხელოვნების ბაზრობაზე, რით არის გამორჩეული CI?

ნინო მაჭარაშვილი (პროექტების მენეჯერი) – ArtInternational და Contemporary Istanbul ყველაზე წარმატებული ხელოვნების ბაზრობებია სტამბულში. Project ArtBeat ორჯერ მონაწილეობდა CI-ზე, 2015 წელს კი პირველად იყო წარმოდგენილი ArtInternational-ზე. რაც შეეხება განსხვავებას, ArtInternational უფრო საერთაშორისო კოლექციონერებზე არის ორიენტირებული, Contemporary Istanbul კი ადგილობრივ დამთვალიერებლებზე. თუმცა, ორივე ფეარის მიზანია სტამბულის, როგორც კულტურული ცენტრის მნიშვნელობის გაზრდა რეგიონში. 2015 წელს, Contemporary Istanbul-ის ორგანიზატორებმა 10 წლის იუბილე აღნიშნეს და მთელს მსოფლიოში მოაწყვეს სხვადასხვა ღონისძიებები. სტამბულის კონგრეს ცენტრში, Project ArtBeat-თან ერთად, ასამდე გალერეა იყო წარმოდგენილი, 24 ქვეყნიდან.

12270403_10156361793715595_1932491417_n

მ.ლ. – როგორ შეირჩა მხატვრები CI-სთვის?

ნ.მ. – Project ArtBeat-მა 2015 წელს მაკა ბატიაშვილი, დავით მესხი და ირაკლი ბუგიანი წარმოადგინა Contemporary Istanbul-ზე. მაკას და ირაკლის ფერწერას დამთვალიერებელი უკვე იცნობდა სტამბულში წინა ფეარებიდან. დავით მესხის ლაით ბოქსები კი, ცოტა ხნით ადრე, სპეციალურად შეიქმნა  მისი პესონალური გამოფენისთვის Project ArtBeat-ის Moving Gallery-ში.

საქართველოში დაბადებულ სამივე არტისტს  პოსტ-საბჭოთა პერიოდში მიღებული შთაბეჭდილებები აერთიანებთ. ისინი, დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა არტ სცენას მიეკუთვნებიან. ფერწერა, ფოტოგრაფია და შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები  ქართულ თანამედროვე ხელოვნებას სამი სხვადასხვა მიმართულებით წარმოადგენს.

m  12270520_10156361793080595_2014648547_n

მ.ლ. – 2015 წელს  როგორ შეგხვდათ  დამთვალიერებელი?

ნ.მ. ძალიან სასიამოვნო იყო, როცა დამთვალიერებელი პოზიტიურ ემოციებს გვიზიარებდა. Project ArtBeat-ის ექსპოზიცია კოლექციონერების და ხელოვნების მოყვარულების დადებით შეფასებებს იმსახურებდა. ჩვენს გალერეას უკვე მუდმივი კლიენტები ჰყავს თურქეთში. ისინი ელოდებიან ყოველ ჩვენს ჩასვლას და სიამოვნებით ყიდულობენ თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს. ჩვენმა გამოფენამ ფეარზე არტ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ცნობილი თურქი მხატვარი კომეტი აღფრთოვანდა მაკა ბატიაშვილის ნამუშევრებით და უზიარებდა შთაბეჭდილებებს ჩვენი გალერეის ერთ-ერთ დამფუძნებელს სალომე ვახანიას. Contemporary Istanbul 2015 ძალიან წარმატებული აღმოჩნდა Project ArtBeat-ისათვის.

12184294_471112039734421_8186281921772561167_o FullSizeRender

მ.ლ. – სტამბულის არტ სცენამ როგორ მიიღო ქართული გალერეა?

ნ.მ. – შეიძლება ითქვას, რომ Project ArtBeat-მა უკვე თავისი ადგილი დაიმკვიდრა სტამბულის არტ სცენაზე და არა მხოლოდ. თანამედროვე ხელოვნების რამდენიმე გალერეამ თანამშრომლობა შემოგვთავაზა. თებერვალში კი მაია სუმბაძის ნამუშევრები გამოიფინება სტამბულის პერა მუზეუმში, როგორც ცნობილი თურქი კოლექციონერის ჰუმა კაბაჩის კოლექციის ნაწილი. ჰუმამ მაიას ნამუშევრები ArtInternational-ზე შეიძინა. Project ArtBeat-ის შესახებ დაიწერა ცნობილ თურქულ გამოცემაში Istanbul Art News.

12283295_10156361793480595_1475167604_n  12286138_10156361793265595_1365526525_n

მარიამ ლორია

იანვარი, 2016

ინტერვიუ დავით მესხთან

12604828_10201328649574332_1130417056235357389_o

მარიამ ლორია – როგორ/ რატომ დაიწყე ფოტოს გადაღება?

დავით მესხი – გადაღება, ალბათ როგორც ყველამ, ინტერესის გამო დავიწყე. ოღონდ მქონდა განსაკუთრებული შემოქმედებითი ინტერესი. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჯერ მეგონა რომ ეს მუსიკა იქნებოდა, შემდეგ რეჟისურა, მაგრამ საბოლოოდ ფოტოთი განვახორციელე ყველაზე კარგად ჩემი შემოქმედებითი  ინტერესები.

მ.ლ. – დამოუკიდებელი ფოტოგრაფი როგორ გახდი? სად მუშაობდი? რას იღებდი?

დ.მ. – ყოველთვის იმას ვიღებდი რაც მაინტერესებდა, რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა და რაც ყველაზე კარგად ვიცოდი. თავიდან ეს ყველაფერი პოპულარული გახდა მეგობრების წრეში და შემდეგ დავიწყე მუშაობა ჟურნალ ცხელ შოკოლადში, 2004 წელი იყო. იქ 6 წელი ვიმუშავე.

12584192_10201328640014093_1828706250_n  sports-6-1

მ.ლ. – ინსპირაციას საიდან იღებ?

დ.მ. – ქუჩიდან დაწყებული ინტერნეტით დამთავრებული ყველაფერი შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო.

მ.ლ. – ვინ/რა ახდენს შენზე, როგორც ფოტოგრაფზე გავლენას?

დ.მ. –  პირველ რიგში, ალბათ რადგან ფოტო გამოსახულებასთან არის დაკავშირებული, ფილმები და სხვისი გადაღებული ფოტოები, ისევე როგორც წიგნის კითხვის დროს შექმნილი სურათები.

მ.ლ. – ყველაზე მეტად რომელი ფოტოგრაფები მოგწონს ?

დ.მ. – ყველაზე ძალიან ვინც მომწონდა და ვის გამოც მომინდა ფოტოების გადაღება,  საიდანაც მივხვდი რა შეუძლია ფოტოგრაფიას, იყვნენ რენი ლიფენშტალი, ნან გოლდინი და ტილმანსი, ლარი კლარკი.

მ.ლ. – როგორ მოხვდი პირველად საქართველოს გარეთ გამოფენაზე?

დ.მ. – ინტერნეტის საშუალებით. რამდენიმე საიტი იყო, სადაც ყოველთვის ვათვალიერებდი ფოტოებს. tinyvices-ს  გავუგზავნე ჩემი ნამუშევრები, მოეწონათ და დადეს თავის საიტზე. ბევრმა ნახა ფოტოები და ერთ-ერთი შემოთავაზება იყო ჯგუფურ გამოფენაში მომეღო მონაწილეობა. ამას მოყვა შემდეგ პუბლიკაციები სხვადასხვა არტ-წიგნებში და ჟრუნალებში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავისთავად ფოტოგრაფიის გამოფენა არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად კედელზე უნდა ეკიდოს შენი ფოტო. მიმაჩნია, რომ წიგნი და ბეჭდვითი ფორმა არის ასევე ნამუშევრის ჩვენების ფორმა და გამოფენა.

მ.ლ. – რა პროცესს გადის კადრი სანამ ნამუშევრად გადაიქცევა? შენი სამუშაო პროცესის შესახებ მომიყევი… თავიდანვე ხედავ გამოფენაზე ან სხვა ფორმით გავრცელებისას რა ფორმას მიიღებს ის?

დ.მ. – ჩემთვის, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო რეჟისურას ემსგავსება ეს პროცესი, როდესაც ზუსტად იცი უკვე რისი გადაღება გინდა და ცდილობ შექმნა ეს ატმოსფერო. შემდეგ უკვე როგორც გამომძიებელი სხვადასხვა დროს გადაღებულ ფოტოებს ვკიდებ ხოლმე კედელზე და ვცდილობ ვიპოვო ერთმანეთთან კავშირი ან გამოვიყვანო აქედან ისტორია რომელიც კვლევის შედეგია და რაღაც აღმოჩენა.

მ.ლ. – რამდენიმე თემა ტრიალებს შენს ფოტოპროექტებში. ყველაზე ერთდროულად მუშაობ? ერთმანეთთან რა მიმართებაშია ეს ფოტოები?

დ.მ. – თავიდან ყველა თემას ცალკე ვამუშავებდი და ცალ-ცალკე იყო ეს ფოტოები. შემდეგ ერთ-ერთი „გამოძიების“ შედეგად აღმოვაჩინე, რომ რაც მე მაინტერესებს და რაც ამ ფოტოებს აქვთ საერთო ეს არის უწონობაში ყოფნის მდგომარეობა, როდესაც ცოტათი მოშორებული ხარ დედამიწას და სულიერად თუ სხეულით, მთლიანად სცილდები  შენს ყოფითობას, როდესაც სამყარო შენს ირგვლივ განიცდის ტრანსფორმაციას და წყდები რეალობას.

12584051_10201328639654084_629117425_n  12647737_10201328639774087_1567752372_n

მ.ლ. – მოძრავ გალერეაში შენი გამოფენა Satellites at Night / თანამგზავრები ღამით ექსპერიმენტი იყო. საკმაოდ დიდი რისკია ბევრისთვის კარგად ნაცნობი ფოტოების ახალი ფორმით ჩვენება. როგორ გადაწყვიტე? ამ გამოფენის ამბავი მომიყევი.

დ.მ. – საქართველოში ზოგადად ძალიან ცოტა რამ ხდება ხელოვნების სფეროში და Project ArtBeat მოძრავი გალერეა ერთ-ერთია ვინც ცდილობს შექმნას ის სივრცე მხატვრებისთვის რაც აუცილებელია მათი განვითარებისთვის. ამიტომ, როცა მივიღე შემოთავაზება, რომ გამეკეთებინა გამოფენა, პირველად დავინტერესდი სივრცით და ეს სივრცე საკმაოდ საინტერესოდ მომეჩვენა. ამაში ალბათ ბერლინში ცხოვრებაც დამეხმარა. როდესაც გამოფენას აკეთებ შენი ნამუშევრები ცდება უბრალოდ ნამუშევრის ფარგლებს. აქ უნდა იაზროვნო არა მხოლოდ იქიდან გამომდინარე რა ნამუშევრები გაქვს, არამედ იმითიც რას გამოფენ და სად გამოფენ. რადგანაც სივრცე იძლეოდა ექსპერიმენტის საშუალებას, გადავწყვიტე რომ ნამუშევრებისთვისაც ექსოპერიმენტალური ფორმა მიმეცა ლაითბოქსების სახით. ეს ართბითის შემოთავაზება იყო და სიამოვნებით დავთანხმდი ექსპერიმენტზე. საბოლოო ჯამში გამოფენა საკმაოდ ჩამოყალიბებული, არა-ექსპერიმენტალური გამოვიდა. თანამედროვე ხელოვნებისთვის მიღებული  ფორმა მიიღო, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ თბილისისთვის და საქართველოსთვის ეს მაინც სიახლე და ექსპერიმენტი იყო.

12185342_468525936659698_3258799477565964580_o

მ.ლ. – ბოლო სამი წელი კიდევ ერთ უფრო დიდ ექსპერიმენტზე – ფილმის გადაღებაზე მუშაობდი. როგორი შეგრძნებაა ახალ მედიუმთან შეხება?

დ.მ. – პრინციპში დიდი და ექსტრემალური განსხვავება ფოტოსა და ვიდეო გადაღებას შორის, ფილმზე მუშაობას შორის ზოგადად ნაკლებად შესამჩნევი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი ფოტოგადაღებები ძალიან გავს რეჟისურას თავიდანვე და პრინციპულად არ განსხვავდებოდა. ძალიან დიდი განსხვავება იყო ტექნიკური. როდესაც ფოტოაპარატის მაგივრად ვიდეო კამერა გიჭირავს ხელში გიწევს მოუდუნებელ რეჟიმში კადრის ძიება და ამ კადრის განვითარება, კულმინაციაში აყვანა და შემდეგ დასრულება. ეს ძალიან განსხვავდება ფოტოსგან. ფოტოში ერთ წამში და ერთ კადრში უნდა თქვა და მოყვე ისტორია რაც ვიდეოში გარკვეული დროის მანძილზეა განვითარებული. ხშირად როდესაც მივაღწევდი ხოლმე მიზანს და ის გრძნობა გამიჩნდებოდა, რომ მაქვს ეს კადრი, უკვე რაღაცას იძახის, –  ავტომატურად ვრთავდი კამერას და არ ვასრულებდი კადრს.

მეორე ძალიან დიდი განსხვავებაა შედეგი, საბოლოო პროდუქტი. ერთ შემთხვევაში გაქვს ფოტოკადრი და მეორე შემთხვევაში გაქვს ფილმი. მიოუხედავად იმისა, რომ ფილმი უკვე დასრულებულია, ჩემთვის ის კიდევ გადის განვითარების ეტაპებს, ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ალბათ დრო უნდა გავიდეს, რომ მივხვდე პრინციპულ განსხვავებას. რაღაც დროსი შემდეგ ალბათ შემიძლია ვთქვა ორივე მედიუმი არის ჩემი თუ არა.

12575786_10201328639974092_912879446_n  12606708_10201328640054094_1397379985_n

მ.ლ. – მომიყევი ფილმის შესახებ ვისი იდეა იყო? რა პროცესები გაიარეთ? როგორია ერთიდაიგივე კადრებზე სხვადასხვა მედიაში – ფილმში და ფოტოში მუშაობა?

დ.მ. – ფილმის გადაღების იდეა იყო სალომე მაჩაიძის. სალომემ დაწერა სცენარი, რომელიც ჩემი ბოლო წლების ნამუშევრებისგან მიღებული შთაბეჭდილებებით იყო ინსპირირებული და ეს დაედო საფუძვლად პროექტს. შემდეგ უკვე შემოგვიერთდა თამუნა ქარუმიძე. თვითონ ფილმის გადაღების პროცესში უკვე სამნი ვიყავით ჩართული. ძალიან კარგი მაგალითია ეს ფილმი სამი რეჟისორის ერთოვლივი ნამუშევრის. სულ ვამბობ, რომ შეიძლება ორში უფრო პრობლემური ყოფილიყო მუშაობა ვიდრე სამში, რადგან ორის აზრი ყოველთვის წონიდა ერთის აზრს. კლასიკური მაგალითია team work-ის.

მ.ლ. – ფილმზე მუშაობას ბევრი დრო და ენერგია სჭირდება. ახალი ფოტო პროექტი გაქვს ამის პარალელურად? ეხლა რაზე მუშაობ?

დ.მ. – ფოტო პროექტზე ყოველთვის ვმუშაობ და ფილმის გადაღების დროსაც ვმუშაობდი. შემდეგ post production-ის პერიოდშიც გავაკეთე რამდენიმე ფოტოპროექტი პერსონალური და კომერციული. ეხლა ბოლომდე გადართული ვარ ფილმზე. ერთ კვირაში ფილმის მსოფლიო პრემიერა უნდა შედგეს და ამ პროცესებში ვარ ეხლა ბოლომდე ჩართული. პარალელურად ის თემები რაც ფილმის და ჩემი ფოტოების  ირგვლივ ტრიალებს, ყოველთვის განვითარებას და ტრანსფორმირებას განიცდიან და რაღაც ეტაპზე და რაღაც დროის შემდეგ ალბათ ფოტოების სახით ახალ ნამუშევარს გავაკეთებ. თუმცა გამორიცხული არ არის რომ შემდეგი დიდი პროექტიც ფილმი იყოს.

ფილმმა ,,როცა დედამიწა მსუბუქია” მიიღო ჯილდო ნომინაციაში Best First Appearance ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA), 2015 წლის ნოემბერში.

მარიამ ლორია

იანვარი, 2016